თეგი: დავით ფაჩულია

„თბილსერვის ჯგუფს“ დავით ფაჩულია უხელმძღვანელებს

შპს „თბილსერვის ჯგუფს“ დავით ფაჩულია უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის განცხადებით, მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილება ახალ დირექტორს სამსახურის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი ამოცანების დაძლევაში დაეხმარება. „მინდა, წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც უხელმძღვანელებს „თბილსერვის ჯგუფს“. დავით ფაჩულია არის მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების მქონე კადრი, რომელიც წლების განმავლობაში, კერძო სექტორში, სხვადასხვა ხელმძღვანელ და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა. ის გახლავთ ბიზნესის მართვის მაგისტრი. განათლება აქვს მიღებული ტურიზმის მენეჯმენტისა და ეკონომიკის მიმართულებით და თვითონაც, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სასწავლებელში, წლების განმავლობაში, ტურიზმის სფეროში ლექციებს კითხულობდა“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, დავით ფაჩულია 2020 წლიდან „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე იყო, ხოლო შემდეგ, დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი: თბილისში, 10 ტონა ტექნიკური მარილია დაყრილი, პრიორიტეტია ცენტრალური ქუჩები

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თბილისში, ამ ეტაპზე, 10 ტონა ტექნიკური მარილია დაყრილი, პრიორიტეტია ცენტრალური ქუჩები. „მეოთხე დღეა, რაც დედაქალაქის მასშტაბით ინტენსიურად თოვს. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები 24 საათი აწარმოებენ გაწმენდით სამუშაოებს. ამ ეტაპზე, 10 ტონა ტექნიკური მარილია დაყრილი. პრიორიტეტია ცენტრალური გამზირები, ცენტრალური ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს. ყურადღებაა მიმართული, რომ შეუფერხებლად იმოძრაოს მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, რა თქმა უნდა, გვრჩება მეორადი ქუჩები, ე.წ. ჩიხები, სადაც ჯერ ვერ მივალთ, მარილს ვერ ვყრით. ცხელი ხაზით შემოდის ინფორმაცია და თუ სადმე არის შეფერხება, რეაგირება გვაქვს. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს როგორც დედაქალაქში, ასევე შემოერთებულ ტერიტორიებზე. გაწმენდით სამუშაოებს ართულებს ღამის საათებში დაბალი ტემპერატურა, ყინვებია. დილით ადრიანად ვიწყებთ გაწმენდას, თუმცა, მაინც გვაქვს შეფერხება მაღლობებზე და მეორად ქუჩებზე“, - აღნიშნავს დავით ფაჩულია. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის, დავით ფაჩულიას თქმით, ამ ეტაპზე პრიორიტეტად რჩება ცენტრალური ქუჩებისა და გამზირების გაწმენდა.